საქართველოს კანონი
დიზაინის შესახებ
თავი I. ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო 1. საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, ეს კანონი აღიარებს ინტელექტუალური საკუთრების
ობიექტის – დიზაინის – საკუთრების უფლების ხელშეუვალობას; აწესრიგებს დიზაინის შექმნასთან, რეგისტრაციასთან, გამოყენებასთან, სამართლებრივ დაცვასთან და აქედან გამომდინარე უფლებების განხორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. 2. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება დიზაინზე, რომელიც კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებულია
ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ მიერ სამრეწველო საკუთრების რეესტრში (შემდგომში – რეესტრი) ან რომელზედაც ვრცელდება საერთაშორისო რეგისტრაცია. 3. დიზაინი, რომელიც არ არის რეგისტრირებული საქპატენტში ან რომელზედაც არ ვრცელდება
საერთაშორისო რეგისტრაცია, დაცულია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი – „საქპატენტი“ (შემდგომში – საქპატენტი) –
საქართველოს საპატენტო კანონით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირი; ბ) საერთაშორისო ბიურო – ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის საერთაშორისო
ბიურო; გ) პარიზის კონვენცია – 1883 წლის 20 მარტს ხელმოწერილი სამრეწველო საკუთრების დაცვის პარიზის
კონვენცია (გადასინჯულია სტოკჰოლმში 1967 წლის 14 ივლისს, შესწორებულია 1979 წლის 28 სექტემბერს); დ) დიზაინერი – ფიზიკური პირი, რომლის ინტელექტუალური შემოქმედებითი შრომის შედეგად შეიქმნა
დიზაინი; ე) თანადიზაინერი – ფიზიკური პირი, რომელმაც სხვა ფიზიკურ პირთან (პირებთან) ერთობლივი
ინტელექტუალური შემოქმედებითი შრომის შედეგად შექმნა დიზაინი; ვ) დიზაინის მფლობელი – პირი, რომელსაც აქვს დიზაინზე განსაკუთრებული უფლება და რომელიც
საქპატენტმა დაარეგისტრირა რეესტრში დიზაინის მფლობელად; ზ) მოწმობა – ამ კანონის შესაბამისად დიზაინის მფლობელის სახელზე გაცემული დოკუმენტი, რომელიც
ადასტურებს მისი გაცემის მომენტისათვის დიზაინის საქპატენტში რეგისტრაციის ფაქტს; თ) განმცხადებელი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ითხოვს დიზაინის რეგისტრაციას; ი) განაცხადი – ამ კანონის შესაბამისად დიზაინის რეგისტრაციისათვის აუცილებელი საბუთების
ერთობლიობა; კ) ჰააგის შეთანხმება – დიზაინის საერთაშორისო რეგისტრაციის შესახებ ჰააგის შეთანხმების 1960 წლის 28
ნოემბრის ჰააგის ან/და 1999 წლის 2 ივლისის ჟენევის აქტები; ლ) საერთაშორისო დიზაინი – ჰააგის შეთანხმების შესაბამისად საქართველოს ტერიტორიაზე უფლებების
გავრცელების მოთხოვნით საერთაშორისო ბიუროს მიერ რეგისტრირებული დიზაინი; მ) დიზაინების საერთაშორისო კლასიფიკაცია – 1968 წლის 8 ოქტომბერს ხელმოწერილი დიზაინების
საერთაშორისო კლასიფიკაციის ლოკარნოს შეთანხმებით შემოღებული საერთაშორისო კლასიფიკაცია; ნ) პრიორიტეტი – უპირატესობა, რომელიც აქვს განაცხადს მასზე გვიან შეტანილ განაცხადთან შედარებით; ო) საკონვენციო პრიორიტეტი – პარიზის კონვენციის მე-4 მუხლის შესაბამისად დადგენილი პრიორიტეტი,
რომლითაც განმცხადებელს შეუძლია ისარგებლოს პარიზის კონვენციის ან ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრ სხვა ქვეყანაში; პ) საგამოფენო პრიორიტეტი – პარიზის კონვენციის მე-11 მუხლის შესაბამისად დადგენილი პრიორიტეტი,
რომლითაც განმცხადებელს შეუძლია ისარგებლოს პარიზის კონვენციის ან ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრ სხვა ქვეყანაში; ჟ) სააპელაციო პალატა – საქართველოს საპატენტო კანონით განსაზღვრული, საქპატენტთან არსებული
სააპელაციო პალატა.
მუხლი 3. დიზაინი და მისი დაცვის კრიტერიუმები 1. დიზაინი არის მთლიანი პროდუქტის ან მისი ნაწილის გამოხატულება, რომელიც გამომდინარეობს თვით
პროდუქტის ნიშნებისაგან, მათ შორის, ხაზებისაგან, კონტურებისაგან, ფერებისაგან, ფორმისაგან, ტექსტურისაგან ან/და მასალისაგან, ან პროდუქტის მორთვისაგან. 2. პროდუქტი არის ნებისმიერი სამრეწველო ან ხელნაკეთი საგანი, მათ შორის, საფუთავი, გაფორმება,
გრაფიკული სიმბოლო, ტიპოგრაფიული შრიფტი, შედგენილ პროდუქტში ჩასართავად განკუთვნილი
http://www.matsne.gov.ge 300.200.000.05.001.004.044
შემადგენელი ნაწილი, კომპიუტერული პროგრამის გარდა. 3. შედგენილი პროდუქტი არის პროდუქტი, რომელიც შედგება მრავალი ნაწილისაგან, რომელთა შეცვლა
შესაძლებელია პროდუქტის დაშლითა და ხელმეორედ აწყობით. 4. დიზაინი ექვემდებარება დაცვას, თუ მას აქვს სიახლე და ინდივიდუალურია. 5. დიზაინს აქვს სიახლე, თუ განაცხადის წარდგენის ან პრიორიტეტის თარიღამდე არც ერთი მისი
იდენტური დიზაინი არ გამხდარა საჯაროდ ხელმისაწვდომი. 6. დიზაინის სიახლის დადგენისას საჯაროდ ხელმისაწვდომად მიიჩნევა საქპატენტში შეტანილი ან
საერთაშორისო ბიუროს მიერ საქართველოს ტერიტორიაზე უფლებების გავრცელების მოთხოვნით რეგისტრირებული დიზაინი, თუ იგი გამოქვეყნდა იმ დიზაინზე განაცხადის წარდგენის შემდეგ, რომლის სიახლეც დგინდება, მაგრამ რომელზე განაცხადსაც აქვს უფრო ადრინდელი პრიორიტეტი. 7. დიზაინები იდენტურად მიიჩნევა იმ შემთხვევაშიც, თუ მათი ნიშნები მხოლოდ უმნიშვნელო დეტალებით
განსხვავდება. 8. დიზაინი ინდივიდუალურია, თუ საერთო შთაბეჭდილება, რომელსაც ის ახდენს ინფორმირებულ
მომხმარებელზე, განსხვავდება საერთო შთაბეჭდილებისაგან, რომელსაც იმავე მომხმარებელზე ახდენს სხვა დიზაინი, რომელიც საჯაროდ ხელმისაწვდომი გახდა განაცხადის წარდგენის ან პრიორიტეტის თარიღამდე. 9. დიზაინის ინდივიდუალობის შეფასებისას გაითვალისწინება მისი შექმნისას დიზაინერის თავისუფლების
ხარისხი. 10. პროდუქტში ჩართული ან მისთვის გამოყენებული დიზაინი, რომელიც შედგენილი პროდუქტის
ნაწილია, მიიჩნევა ახლად და ინდივიდუალურად, თუ იგი შედგენილ პროდუქტში ხილულია მისი ჩვეულებრივი გამოყენების დროს და ხილული ნიშნები აკმაყოფილებს სიახლისა და ინდივიდუალობის კრიტერიუმებს. 11. ამ მუხლის მიზნებისათვის „ჩვეულებრივი გამოყენება“ ნიშნავს საბოლოო მომხმარებლის მიერ
გამოყენებას, გარდა ტექნიკური მომსახურებისა, მიმდინარე და აღდგენითი სარემონტო სამუშაოებისა. საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3279 - სსმ I, №37. 14.07.2010 წ., მუხ.220
მუხლი 4. დიზაინის სამართლებრივი დაცვის ფარგლები 1. დიზაინის სამართლებრივი დაცვის ფარგლებს განსაზღვრავს მისი გამოსახულება. 2. სამართლებრივი დაცვა არ ვრცელდება დიზაინში ჩართულ სიტყვაზე ან სიტყვათა წყობაზე. 3. დიზაინის სამართლებრივი დაცვის ფარგლები მოიცავს ნებისმიერ დიზაინს, რომელიც ინფორმირებულ
მომხმარებელზე არ ახდენს განსხვავებულ საერთო შთაბეჭდილებას. 4. დიზაინის სამართლებრივი დაცვის ფარგლების განსაზღვრისას გაითვალისწინება მისი შექმნისას
დიზაინერის თავისუფლების ხარისხი.
მუხლი 5. დიზაინზე განსაკუთრებული უფლებების წარმოშობა და მოქმედების ვადა 1. დიზაინზე განსაკუთრებული უფლებები წარმოიშობა საქპატენტში რეგისტრაციის შემთხვევაში
განაცხადის შეტანის თარიღიდან, ასევე ამ კანონის შესაბამისად, ჰააგის შეთანხმების საფუძველზე საერთაშორისო რეგისტრაციის გავრცელების გზით. 2. საქპატენტში რეგისტრირებულ დიზაინზე გაიცემა მოწმობა. 3. განმცხადებელი უფლებამოსილია საქპატენტში რეგისტრაციაში გაატაროს დიზაინი ერთი ან რამდენიმე 5-
წლიანი პერიოდით, მაგრამ არა უმეტეს 25 წლისა საქპატენტში განაცხადის შეტანის თარიღიდან.
მუხლი 6. დიზაინზე ინფორმაციის გახსნა 1. დიზაინი საჯაროდ ხელმისაწვდომად მიიჩნევა, თუ იგი იყო გამოქვეყნებული, გამოფენილი, ჩართული
სავაჭრო მიმოქცევაში ან სხვა გზით გახდა საჯაროდ ცნობილი განაცხადის წარდგენის ან პრიორიტეტის თარიღამდე. 2. დიზაინი საჯაროდ ხელმისაწვდომად არ მიიჩნევა, მიუხედავად ამ მუხლის პირველ პუნქტში
აღნიშნულისა, თუ: ა) ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქმედებები არ იყო იმგვარი, რომ ჩვეულებრივი წესით
გამხდარიყო საჯაროდ ცნობილი პირებისათვის, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე მოცემულ სფეროში საქმიანობენ; ბ) დიზაინზე ინფორმაცია მესამე პირისათვის გახსნილია პირდაპირ ან ირიბად კონფიდენციალობის დაცვის
პირობით. 3. დიზაინზე ინფორმაციის გახსნა არ გაითვალისწინება, თუ იგი საჯაროდ ხელმისაწვდომი გახდა
განაცხადის წარდგენის ან პრიორიტეტის თარიღამდე 12 თვის ვადაში: ა) დიზაინერის ან მისი უფლებამონაცვლის მიერ დიზაინზე ინფორმაციის გახსნის გზით; ბ) მესამე პირის მიერ დიზაინერის ან მისი უფლებამონაცვლის მიმართ განხორციელებული
არაკეთილსინდისიერი ქმედების შედეგად. საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3279 - სსმ I, №37. 14.07.2010 წ., მუხ.220
მუხლი 7. დიზაინი, რომელიც განპირობებულია მხოლოდ მისი ტექნიკური ფუნქციით, და ურთიერთშეკავშირებადი დიზაინი
http://www.matsne.gov.ge 300.200.000.05.001.004.044
1. დაცვა არ ვრცელდება დიზაინის იმ ნიშნებზე, რომლებიც: ა) განპირობებულია მხოლოდ მათი ტექნიკური ფუნქციით; ბ) დიზაინში აუცილებლად უნდა იყოს წარმოდგენილი ზუსტად ისეთი ფორმითა და ზომით, რომ
პროდუქტს, რომელშიც ჩართულია დიზაინი ან რომლისთვისაც ის გამოიყენება, ჰქონდეს მეორე პროდუქტთან მექანიკურად შეკავშირების ან მის შიგნით, ირგვლივ ან საპირისპირო მხარეს განთავსების შესაძლებლობა ისე, რომ თითოეულ პროდუქტს შეეძლოს თავისი ფუნქციის შესრულება. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი არ ვრცელდება დიზაინზე, რომელიც შესაძლებელს ხდის
მრავალჯერადად აწყობას ან ურთიერთშეცვლადი პროდუქტების მოდულურ სისტემაში შეკავშირებას.
მუხლი 8. თანადიზაინერთა ურთიერთობა თანადიზაინერთა ურთიერთობა განისაზღვრება მათ შორის დადებული ხელშეკრულებით. ხელშეკრულების
არარსებობის შემთხვევაში თანადიზაინერები სარგებლობენ საერთო თანაბარი უფლებებით.
მუხლი 9. დიზაინის რეგისტრაციის უფლება 1. განაცხადის შეტანის უფლება აქვს დიზაინერს ან მის უფლებამონაცვლეს, გარდა ამ მუხლით
გათვალისწინებული შემთხვევებისა. 2. რამდენიმე პირის მიერ შექმნილ დიზაინზე განაცხადის შეტანის უფლება აქვს როგორც ყველა დიზაინერს
ერთობლივად, ისე თითოეულ მათგანს სხვა თანადიზაინერების წერილობითი თანხმობის შემთხვევაში, თუ თანადიზაინერთა შორის დადებული ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 3. დასაქმებულის ან/და შეკვეთის მიმღების მიერ შექმნილ დიზაინზე, რომელიც უკავშირდება
სამსახურებრივი მოვალეობის ან შეკვეთის შესრულებას, განაცხადის შეტანის უფლება აქვს დამსაქმებელს/შემკვეთს, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 4. თუ დიზაინის შექმნა არ უკავშირდება დასაქმებულის ან/და შეკვეთის მიმღების მიერ სამსახურებრივი
მოვალეობის ან შეკვეთის შესრულებას, მაგრამ დასაქმებულმა/შეკვეთის მიმღებმა დიზაინის შესაქმნელად გამოიყენა დამსაქმებლის/შემკვეთის მფლობელობაში არსებული რესურსი, დიზაინის რეგისტრაციის უფლება აქვს დამსაქმებელს/შემკვეთს. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დასაქმებულს/შეკვეთის მიმღებს აქვს ამ
დიზაინზე უსასყიდლოდ არაექსკლუზიური კერძო ლიცენზიის მიღების ან/და დიზაინიდან გამომდინარე განსაკუთრებული უფლებების შესყიდვის უპირატესი უფლება, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 6. თუ ერთი და იგივე დიზაინი დამოუკიდებლად შექმნა ორმა ან ორზე მეტმა პირმა, დიზაინზე განსა-
კუთრებული უფლება ეკუთვნის იმ განმცხადებელს, რომლის განაცხადსაც უფრო ადრინდელი პრიორიტეტი აქვს. 7. თუ რამდენიმე განაცხადს, რომელიც შეეხება იდენტურ დიზაინებს, დაუდგინდა ერთი და იგივე
პრიორიტეტი, დიზაინის რეგისტრაციის უფლება აქვს განმცხადებელთა შეთანხმებაში მითითებულ პირს (პირებს). მხარეთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავას წყვეტს სასამართლო.
მუხლი 10. დიზაინის რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლები დიზაინი არ რეგისტრირდება, თუ: ა) იგი არ აკმაყოფილებს ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს; ბ) იგი იდენტურია ადრინდელი დიზაინისა, რომელიც წარდგენილია საქპატენტში ან რეგისტრირებულია
საერთაშორისო ბიუროში საქართველოს ტერიტორიაზე დაცვის გავრცელების მოთხოვნით და საჯაროდ ხელმისაწვდომი გახდა აღნიშნული განაცხადის შეტანამდე ან პრიორიტეტის თარიღამდე; გ) იგი იდენტურია ადრინდელი დიზაინისა, რომელიც საჯაროდ ხელმისაწვდომი გახდა განაცხადის
შეტანის ან პრიორიტეტის თარიღის შემდეგ, მაგრამ წარდგენილია საქპატენტში ან რეგისტრირებულია საერთაშორისო ბიუროში საქართველოს ტერიტორიაზე დაცვის გავრცელების მოთხოვნით ზემოაღნიშნულ თარიღამდე; დ) მისი რეგისტრაცია ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს; ე) იგი მთლიანად ან რომელიმე შემადგენელი ელემენტით ემთხვევა საქართველოს ან მისი ტერიტორიული
ერთეულის ანდა უცხო ქვეყნის სახელმწიფო გერბს, დროშას, ფულის ნიშანს, მის სრულ ან შემოკლებულ სახელწოდებას, ამასთანავე, არ არსებობს კომპეტენტური უწყების თანხმობა მისი გამოყენების თაობაზე; ვ) იგი მთლიანად ან რომელიმე შემადგენელი ელემენტით ემთხვევა საერთაშორისო ორგანიზაციის გერბს,
დროშას, მის სრულ ან შემოკლებულ სახელწოდებას, ეს გარემოება ცხადია ექსპერტისათვის, ამასთანავე, არ არსებობს ამ ორგანიზაციის თანხმობა მისი გამოყენების თაობაზე; ზ) დიზაინად ან მის შემადგენელ ელემენტად გამოსახულია საქონლის ადგილწარმოშობის დასახელება ან
გეოგრაფიული აღნიშვნა, რომელსაც ადგილობრივი რეგისტრაციის, ორმხრივი ან საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე მინიჭებული აქვს დაცვა საქართველოს ტერიტორიაზე. საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3279 - სსმ I, №37. 14.07.2010 წ., მუხ.220
თავი II. განაცხადის წარდგენა, ექსპერტიზა და რეგისტრაცია
http://www.matsne.gov.ge 300.200.000.05.001.004.044
მუხლი 11. განაცხადი 1. განაცხადს საქპატენტს წარუდგენს განმცხადებელი ან მისი წარმომადგენელი. 2. თუ განმცხადებელი დიზაინერის უფლებამონაცვლეა, განაცხადს წარდგენისთანავე ან წარდგენის დღიდან
2 თვის ვადაში უნდა დაერთოს უფლებამონაცვლეობის დამადასტურებელი საბუთი. 3. თუ განაცხადი წარადგინა განმცხადებლის წარმომადგენელმა, განაცხადს წარდგენისთანავე ან წარდგენის
დღიდან 2 თვის ვადაში უნდა დაერთოს წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი. 4. განაცხადი უნდა შეიცავდეს: ა) განცხადებას დიზაინის რეგისტრაციის შესახებ (შემდგომში – განცხადება); ბ) დიზაინის გამოსახულებას. 5. განაცხადი შეიძლება შეიცავდეს აღწერილობას, რომელიც მხოლოდ განმარტებითი ხასიათისაა. 6. განაცხადის წარდგენა ხდება საქპატენტში საგანაცხადო მასალის უშუალოდ შეტანით ან სხვა გზით. 7. განაცხადი შეტანილად მიიჩნევა იმ მომენტიდან, როდესაც წარდგენილია განცხადება და დიზაინის
გამოსახულება. 8. განაცხადის ფორმა და წარდგენის წესი განისაზღვრება დიზაინის რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციით
(შემდგომში – ინსტრუქცია).
მუხლი 12. მრავლობითი განაცხადი, განაცხადების გაერთიანება და დაყოფა 1. განაცხადი შეიძლება შეიცავდეს ერთ ან რამდენიმე დიზაინს, თუ მასში შემავალი დიზაინები მიეკუთვნება
დიზაინების საერთაშორისო კლასიფიკაციის ერთ კლასს (მრავლობითი განაცხადი). 2. განმცხადებელს უფლება აქვს: ა) გააერთიანოს განაცხადები და წარადგინოს გაერთიანებული განაცხადი, თუ მასში შემავალი დიზაინები
მიეკუთვნება დიზაინების საერთაშორისო კლასიფიკაციის ერთ კლასს (გაერთიანებული განაცხადი); ბ) დაყოს წარდგენილი საპატენტო განაცხადი ცალკეულ განაცხადებად (გამოცალკევებული განაცხადი). 3. თითოეული დიზაინი, რომელსაც შეიცავს მრავლობითი ან გაერთიანებული განაცხადი, სხვებისაგან
დამოუკიდებლად განიხილება და დამოუკიდებელი დაცვის საგანია.
მუხლი 13. პრიორიტეტი 1. განმცხადებელი, რომელსაც სურს ისარგებლოს საკონვენციო პრიორიტეტით, ვალდებულია განაცხადი
საქპატენტში წარადგინოს პარიზის კონვენციის ან ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრ ქვეყანაში ამ დიზაინზე პირველი განაცხადის შეტანის თარიღიდან 6 თვის ვადაში. 2. განმცხადებელი, რომელსაც სურს ისარგებლოს საგამოფენო პრიორიტეტით, ვალდებულია განაცხადი
საქპატენტში წარადგინოს პარიზის კონვენციის ან ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრ ქვეყანაში მოწყობილ ოფიციალურ ან ოფიციალურად მიჩნეულ საერთაშორისო გამოფენაზე დიზაინის ექსპონირების თარიღიდან 6 თვის ვადაში. 3. საკონვენციო და საგამოფენო პრიორიტეტები ერთმანეთის ვადას არ აგრძელებს. 4. ამ კანონის მე-12 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში განმცხადებელს
უფლება აქვს, ცალკეული დიზაინისათვის მოითხოვოს ის პრიორიტეტი, რომელიც მას აქვს. 5. განაცხადს პრიორიტეტი არ დაუდგინდება იმ განაცხადის შეტანის თარიღით, რომლისთვისაც უკვე იყო
მოთხოვნილი ადრინდელი პრიორიტეტი.
მუხლი 14. განაცხადის ექსპერტიზა 1. საქპატენტი ატარებს განაცხადის ექსპერტიზას, რომლის საფუძველზედაც იღებს გადაწყვეტილებას
დიზაინის რეგისტრაციის შესახებ. 2. ექსპერტიზა მოიცავს განაცხადის შეტანის თარიღის დადასტურებას, ფორმალური მოთხოვნებისა და
არსობრივი ექსპერტიზების ჩატარებას, რომელთა ჩატარების წესი დგინდება ინსტრუქციით.
მუხლი 15. განაცხადის შეტანის თარიღის დადასტურება 1. საქპატენტი განაცხადის შეტანის თარიღს ადასტურებს მისი წარდგენიდან 2 კვირის ვადაში. 2. თუ გამოვლინდა, რომ წარდგენილ განაცხადს აკლია ამ კანონის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტით
გათვალისწინებული რომელიმე საგანაცხადო მასალა, განმცხადებელი ვალდებულია აღნიშნული მასალა წარმოადგინოს შეტყობინების მიღების დღიდან ერთი თვის ვადაში. 3. თუ განმცხადებელი შეასრულებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნას, განაცხადის შეტანის თარიღად
მიიჩნევა აღნიშნული მოთხოვნის შესრულების თარიღი. წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი შეტანილად არ მიიჩნევა.
მუხლი 16. ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა 1. განაცხადის შეტანის თარიღის დადასტურების შემდეგ საქპატენტი ატარებს ფორმალური მოთხოვნების
ექსპერტიზას, რომლის დროსაც მოწმდება განაცხადის სისრულე და გაფორმების სისწორე და ამ კანონის მე-12 მუხლის მოთხოვნებთან შესაბამისობა.
http://www.matsne.gov.ge 300.200.000.05.001.004.044
2. საქპატენტი ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზას ატარებს განაცხადის შეტანის თარიღის დადასტურების დღიდან ერთი თვის ვადაში. 3. ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის საფუძველზე საქპატენტი იღებს გადაწყვეტილებას ფორმალური
მოთხოვნების ექსპერტიზის დასრულების შესახებ ან განაცხადზე საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე და აცნობებს განმცხადებელს.
მუხლი 17. არსობრივი ექსპერტიზა 1. ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის დასრულებიდან 3 თვის ვადაში საქპატენტი ატარებს არსობრივ
ექსპერტიზას, რომელიც ითვალისწინებს დიზაინის ამ კანონის მე-10 მუხლის მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმებას და სიახლის დადგენის შესახებ ექსპერტიზას. 2. საქპატენტი ამ კანონის მე-10 მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად სიახლის დადგენისას
ითვალისწინებს საქპატენტში შეტანილ და საერთაშორისო ბიუროს მიერ საქართველოს ტერიტორიაზე უფლებების გავრცელების მოთხოვნით რეგისტრირებულ დიზაინებს. 3. სიახლის დადგენისას არ გაითვალისწინება ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული კვლევის შედეგად
გამოვლენილი დიზაინი, რომელიც შეესაბამება ამ კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის პირობას. 4. არსობრივი ექსპერტიზის საფუძველზე საქპატენტი იღებს გადაწყვეტილებას დიზაინის რეგისტრაციის ან
დიზაინის რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ. 5. ამ კანონის მე-12 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქპატენტს
შეუძლია მიიღოს დადებითი გადაწყვეტილება განაცხადში შემავალი დიზაინების ნაწილის მიმართ.
მუხლი 18. პროცედურული ვადების გაგრძელება და აღდგენა 1. განაცხადზე საქმის წარმოებისას განმცხადებელს უფლება აქვს, დადგენილი წესით მოითხოვოს: ა) წარდგენილ საგანაცხადო მასალაში ცვლილების ან/და შესწორების შეტანა, თუ ამ ქმედებით არ იცვლება
დიზაინის დაცვის ფარგლები; ბ) დიზაინის გამოქვეყნების გადადება არა უმეტეს 30 თვით განაცხადის წარდგენის ან პრიორიტეტის
თარიღიდან. მრავლობითი განაცხადის შემთხვევაში გამოქვეყნების გადადების მოთხოვნა შეიძლება შეეხებოდეს მასში შემავალ როგორც ყველა, ისე ცალკეულ დიზაინს; გ) განაცხადის განხილვის შეჩერება; დ) საქპატენტის მოთხოვნაზე პასუხის გაცემისათვის დადგენილი ვადის გაგრძელება; ე) ვადის დარღვევის გამო განაცხადთან დაკავშირებული დაკარგული უფლებების აღდგენა. 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ქმედებების განხორციელების წესი განისაზღვრება
ინსტრუქციით. საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3279 - სსმ I, №37. 14.07.2010 წ., მუხ.220
მუხლი 19. დიზაინის გამოქვეყნება 1. საქპატენტი დიზაინის რეგისტრაციის შესახებ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში
განაცხადის მონაცემებსა და დიზაინის გამოსახულებას ინსტრუქციით დადგენილი წესით აქვეყნებს სამრეწველო საკუთრების ოფიციალურ ბიულეტენში (შემდგომში – ბიულეტენი). 2. დიზაინის რეგისტრაციის შესახებ ექსპერტიზის მიერ გამოტანილი უარყოფითი გადაწყვეტილების
კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს დადებითი გადაწყვეტილებით შეცვლის შემთხვევაში საქპატენტი განაცხადის მონაცემებსა და დიზაინის გამოსახულებას ინსტრუქციით დადგენილი წესით აქვეყნებს ბიულეტენში. 3. დიზაინერის მოთხოვნის შემთხვევაში საქპატენტი ვალდებულია არ გამოაქვეყნოს მისი სახელი.
მუხლი 20. სააპელაციო პალატაში გასაჩივრების საფუძვლები 1. განმცხადებელს უფლება აქვს, საქპატენტის გადაწყვეტილება ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის
დასრულების ან განაცხადზე საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, ასევე არსობრივი ექსპერტიზის გადაწყვეტილება დიზაინის რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გაასაჩივროს სააპელაციო პალატაში. 2. დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს, არსობრივი ექსპერტიზის გადაწყვეტილება დიზაინის
რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გაასაჩივროს სააპელაციო პალატაში, თუ დაირღვა ამ კანონის მე-17 მუხლის მოთხოვნები. 3. დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს, სააპელაციო პალატაში შეიტანოს სააპელაციო საჩივარი და
მოითხოვოს დიზაინის რეგისტრაციის შესახებ არსობრივი ექსპერტიზის გადაწყვეტილების გაუქმება, თუ: ა) დიზაინი არ აკმაყოფილებს ამ კანონის მე-3 მუხლის მე-4–მე-10 პუნქტების მოთხოვნებს, გარდა ამ კანონის
მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა; ბ) არსებობს ამ კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული
საფუძვლები. 4. მრავლობითი ან გაერთიანებული განაცხადის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი შეიძლება შეეხებოდეს
მასში შემავალ ერთ ან რამდენიმე დიზაინს. 5. სააპელაციო პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანა დასაშვებია შესაბამისი გადაწყვეტილების
გამოქვეყნებიდან/ჩაბარებიდან 3 თვის ვადაში.
http://www.matsne.gov.ge 300.200.000.05.001.004.044
6. სააპელაციო პალატა სააპელაციო საჩივარს იხილავს დადგენილი წესით სააპელაციო საჩივრის შეტანის დღიდან 3 თვის ვადაში. 7. სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება შესაძლებელია კანონით დადგენილ ვადაში გასაჩივრდეს
სასამართლოში.
მუხლი 21. დიზაინის რეგისტრაცია 1. თუ ამ კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილ ვადაში სააპელაციო პალატაში არ იქნა შეტანილი
სააპელაციო საჩივარი, ან შეტანილი სააპელაციო საჩივრის საფუძველზე სააპელაციო პალატამ გამოიტანა გადაწყვეტილება დიზაინის რეგისტრაციის შესახებ, საქპატენტი ინსტრუქციით დადგენილი წესით არეგისტრირებს დიზაინს რეესტრში. 2. საქპატენტი რეგისტრირებული დიზაინის შესახებ მონაცემებს აქვეყნებს ბიულეტენში და გასცემს
მოწმობას. 3. მოწმობის ფორმას და რეესტრში შესატან მონაცემებს ადგენს საქპატენტი. 4. ნებისმიერ პირს აქვს უფლება, გაეცნოს რეესტრის მონაცემებს.
მუხლი 22. დიზაინის დაჩქარებული რეგისტრაციის პროცედურა 1. თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, დიზაინის დაჩქარებული რეგისტრაციის
პროცედურისას გამოიყენება ამ კანონის II თავით დადგენილი წესი. 2. განმცხადებელს განაცხადის შეტანისას ან განაცხადის შეტანიდან ერთი თვის ვადაში შეუძლია მოითხოვოს
დაჩქარებული ექსპერტიზის ჩატარება. 3. განაცხადს დაჩქარებული ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნით უნდა დაერთოს ამ კანონის მე-11 მუხლით
გათვალისწინებული ყველა საბუთი და გადახდილი უნდა იქნეს დიზაინის დაჩქარებული რეგისტრაციისათვის დადგენილი საფასური. 4. თუ განმცხადებელს სურს ისარგებლოს ამ კანონის მე-13 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით
განსაზღვრული პრიორიტეტებით, განაცხადს დაჩქარებული ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნით უნდა დაერთოს პრიორიტეტის მოთხოვნის უფლების დამადასტურებელი საბუთი და გადახდილი უნდა იქნეს პრიორიტეტის მოთხოვნისათვის დადგენილი საფასური. 5. დაჩქარებული ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნიდან 3 დღის ვადაში საქპატენტი ამოწმებს,
აკმაყოფილებს თუ არა განაცხადი ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების მოთხოვნებს. თუ საგანაცხადო მასალას აკლია ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე საბუთი, განმცხადებელი ვალდებულია 15 დღის ვადაში წარადგინოს ეს საბუთი. წინააღმდეგ შემთხვევაში საქპატენტი იღებს გადაწყვეტილებას დაჩქარებული ექსპერტიზის ჩატარებაზე უარის თქმის შესახებ და განაცხადს განიხილავს ამ კანონის II თავით დადგენილი წესით. 6. თუ განაცხადი დაჩქარებული ექსპერტიზის მოთხოვნით აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-3 და მე-4
პუნქტების მოთხოვნებს, საქპატენტი 7 სამუშაო დღის ვადაში ატარებს ამ კანონის მე-17 მუხლით გათვა- ლისწინებულ არსობრივ ექსპერტიზას და დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში არეგისტრირებს დიზაინს რეესტრში, აქვეყნებს რეგისტრირებული დიზაინის შესახებ მონაცემებს ბიულეტენში და გასცემს მოწმობას. 7. დიზაინის რეგისტრაციის შესახებ მონაცემების ბიულეტენში გამოქვეყნებიდან 3 თვის ვადაში ნებისმიერ
დაინტერესებულ პირს აქვს უფლება, სააპელაციო პალატაში შეიტანოს სააპელაციო საჩივარი ამ კანონის მე-20 მუხლით დადგენილი წესით. 8. დიზაინის დაჩქარებული წესით რეგისტრაციის შემდეგ, თუ საქპატენტში შეტანილი იქნება უფრო
ადრინდელი პრიორიტეტით სარგებლობის უფლების მქონე განაცხადი და დაჩქარებული წესით რეგისტრირებული დიზაინის მიმართ იარსებებს ამ კანონის მე-10 მუხლის „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განაცხადის რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი, საქპატენტი იღებს გადაწყვეტილებას დიზაინის დაჩქარებული წესით რეგისტრაციის გაუქმების შესახებ და აქვეყნებს ბიულეტენში. 9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება დიზაინის დაჩქარებული წესით
რეგისტრაციის გაუქმების შესახებ საჩივრდება ამ კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით.
მუხლი 23. მომსახურების საფასური 1. განაცხადის ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის, არსობრივი ექსპერტიზის, დიზაინის
გამოქვეყნებისა და რეგისტრაციის, დაჩქარებული ექსპერტიზის რეგისტრაციის ძალის ყოველი 5 წლით შენარჩუნების, სააპელაციო საჩივრის, რეესტრის მონაცემებში ცვლილებების შეტანისა და სხვა ქმედებებისათვის გადაიხდება საფასური. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საფასურის დადგენილ ვადაში გადაუხდელობა იწვევს
განაცხადზე საქმის წარმოების შეწყვეტას. 3. საფასურის სახე და ოდენობა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 4. საფასურის გადახდის ფორმა და წესი განისაზღვრება ინსტრუქციით.
http://www.matsne.gov.ge 300.200.000.05.001.004.044
თავი III. საერთაშორისო დიზაინი
მუხლი 24. საერთაშორისო დიზაინის რეგისტრაციის მოქმედების გავრცელება საქართველოს ტერიტორიაზე საერთაშორისო დიზაინს, რომლის რეგისტრაციის მოქმედება გავრცელებულია საქართველოს
ტერიტორიაზე, აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც საქართველოში რეგისტრირებულ დიზაინს.
მუხლი 25. საერთაშორისო დიზაინის ექსპერტიზა 1. საერთაშორისო დიზაინისათვის გამოიყენება ამ კანონის მე-10, მე-12, მე-17, მე-19 და მე-20 მუხლები. 2. თუ დიზაინი არ აკმაყოფილებს რეგისტრაციისათვის ამ კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს, საქპატენტი
ჰააგის შეთანხმებით დადგენილ ვადაში იღებს გადაწყვეტილებას საერთაშორისო დიზაინის რეგისტრაციის მოქმედების საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებაზე უარის თქმის შესახებ და ატყობინებს საერთაშორისო ბიუროს. 3. საერთაშორისო დიზაინის რეგისტრაციის მოქმედების ვადაზე და ვადის გაგრძელებაზე ვრცელდება
ჰააგის შეთანხმების ნორმები. თავი IV. დიზაინზე განსაკუთრებული უფლებები
მუხლი 26. დიზაინზე განსაკუთრებულ უფლებათა ფარგლები 1. დიზაინის მფლობელი თავისი შეხედულებისამებრ განკარგავს დიზაინს. მას უფლება აქვს, გაყიდოს ან
სხვა გზით გაასხვისოს დიზაინი, დადგენილი წესით გასცეს კერძო ლიცენზია დიზაინის გამოყენებაზე. 2. დიზაინის რეგისტრაცია მის მფლობელს ანიჭებს განსაკუთრებულ უფლებას, ნება დართოს ან აკრძალოს
იმ პროდუქტის, რომელშიც ჩართულია დიზაინი ან რომლისთვისაც ის გამოიყენება, დამზადება, გაყიდვა, გასაყიდად შეთავაზება, გამოყენება, იმპორტი, ექსპორტი ან სამოქალაქო ბრუნვაში სხვაგვარი ჩართვა და ასეთი პროდუქტის შენახვა ამ მიზნებისათვის. 3. თუ დიზაინის მფლობელი რამდენიმე პირია: ა) უფლების გადაცემა ან კერძო ლიცენზიის გაცემა ნებადართულია მხოლოდ ყველა მფლობელის
თანხმობით; ბ) თითოეულ მფლობელს უფლება აქვს, რეგისტრირებული დიზაინი სხვა მფლობელთა თანხმობის გარეშე
გამოიყენოს საკუთარ წარმოებაში. 4. განაცხადის გამოქვეყნების დღიდან მის რეგისტრაციამდე განმცხადებელს პირობითად ენიჭება იგივე
უფლებები, რომლებიც მას მიენიჭება რეგისტრაციის შემდეგ. თუ რეგისტრაცია არ განხორციელდება, აღნიშნული უფლებები წარმოშობილად არ მიიჩნევა. 5. დიზაინის რეგისტრაციიდან გამომდინარე განსაკუთრებული უფლებების დარღვევად არ მიიჩნევა: ა) დიზაინის მფლობელის მიერ ან მისი ნებართვით დამზადებული პროდუქტის, რომელშიც ჩართულია
დიზაინი ან რომლისთვისაც ის გამოიყენება, სამოქალაქო ბრუნვაში ჩართვის შემდეგ გავრცელება ან სხვაგვარად გამოყენება; ბ) დიზაინის პირადი სარგებლობისათვის გამოყენება, თუ ეს ქმედება არ ისახავს სამეწარმეო მიზნებს; გ) დიზაინის ექსპერიმენტული მიზნებისათვის გამოყენება; დ) დიზაინის ასლის გადაღება, რომელიც სრულდება ციტირების ან სწავლების მიზნით, თუ ამგვარი
გადაღება არ ითვლება არაკეთილსინდისიერ ქმედებად და ზიანს არ აყენებს დიზაინის ჩვეულებრივ გამოყენებას და მიეთითება წყარო; ე) დიზაინის რომელიმე ქვეყნის საზღვაო ხომალდზე, საჰაერო ან სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებაზე
გამოყენება მისი საქართველოს ტერიტორიაზე დროებით ყოფნის დროს. ასეთ შემთხვევაში დიზაინი უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ ამგვარ სატრანსპორტო საშუალებაზე და არა მეწარმეობისათვის; ვ) დიზაინის გამოყენება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დაუძლეველი ძალის
(ფორსმაჟორის) შემთხვევაში.
მუხლი 27. წინათსარგებლობის უფლება 1. წინათსარგებლობის უფლება გულისხმობს პირის უფლებას, გამოიყენოს დიზაინი მისი რეგისტრაციის
მოქმედების მიუხედავად, თუ იგი კეთილსინდისიერად იყენებდა ამ დიზაინს ან ჩაატარა მოსამზადებელი სამუშაოები მისი გამოყენებისათვის საქპატენტში განაცხადის შეტანის ან პრიორიტეტის თარიღამდე. 2. წინათსარგებლობის უფლება მესამე პირს აძლევს დიზაინის მხოლოდ იმ მიზნითა და მოცულობით
გამოყენების უფლებას, რა მიზნით და მოცულობითაც უკვე გამოიყენა იგი ან ჩაატარა მოსამზადებელი სამუშაოები, განაცხადის წარდგენის ან პრიორიტეტის თარიღამდე. 3. დაუშვებელია წინათსარგებლობის უფლებაზე კერძო ლიცენზიის გაცემა. 4. წინათსარგებლობის უფლების გადაცემა დასაშვებია მხოლოდ ისეთ საწარმოსთან ერთად, სადაც
განხორციელდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ქმედებები. საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3279 - სსმ I, №37. 14.07.2010 წ., მუხ.220
http://www.matsne.gov.ge 300.200.000.05.001.004.044
მუხლი 28. დიზაინის რეგისტრაციის გაუქმება 1. დიზაინის რეგისტრაციას აუქმებს საქპატენტი: ა) დიზაინის მფლობელის განცხადების საფუძველზე; ბ) დიზაინის მფლობელის მიერ რეგისტრაციის მოქმედების ვადის გაგრძელების საფასურის
გადაუხდელობის შემთხვევაში; გ) ამ კანონის 22-ე მუხლის მე-8 პუნქტის საფუძველზე. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დიზაინის რეგისტრაცია
გაუქმებულად არ მიიჩნევა, თუ დიზაინის მფლობელი რეგისტრაციის მოქმედების ვადის ამოწურვიდან 6 თვეში გადაიხდის შემდგომი პერიოდისათვის რეგისტრაციის მოქმედების ვადის საფასურს, ამასთანავე, დიზაინის რეგისტრაციის მოქმედებიდან გასული არ არის 25 წელი. 3. დიზაინის რეგისტრაციის გაუქმების შედეგად დიზაინის რეგისტრაციით მინიჭებული უფლებები
შეწყვეტილად მიიჩნევა რეგისტრაციის გაუქმების შესახებ ჩანაწერის რეესტრში შეტანის დღიდან.
მუხლი 29. დიზაინის რეგისტრაციის ბათილად ცნობა 1. დიზაინის რეგისტრაციას ბათილად ცნობს სასამართლო, თუ დადგინდა, რომ: ა) დიზაინი წარმოდგენილია მხოლოდ იმ ნიშნებით, რომლებიც შეესაბამება ამ კანონის მე-7 მუხლის პირველ
პუნქტს; ბ) დიზაინი ეწინააღმდეგება ამ კანონის მე-10 მუხლს; გ) დიზაინი არ აკმაყოფილებს ამ კანონის მე-3 მუხლის მე-4–მე-10 პუნქტების მოთხოვნებს; დ) განმცხადებელი ან დიზაინის მფლობელი არ იყო უფლებამოსილი პირი ამ კანონის მე-8 და მე-9
მუხლების შესაბამისად; ე) დიზაინი შეიცავს „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით დაცულ
ნაწარმოებს; ვ) დიზაინი მთლიანად ან რომელიმე შემადგენელი ელემენტით ემთხვევა საქართველოში რეგისტრირებულ,
უფრო ადრინდელი პრიორიტეტის მქონე სასაქონლო ნიშანს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დიზაინის რეგისტრაციას ითხოვს ამ სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების მფლობელი; ზ) დიზაინი მთლიანად ან რომელიმე შემადგენელი ელემენტით ემთხვევა „სასაქონლო ნიშნების შესახებ“
საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად საყოველთაოდ ცნობილ ნიშნად აღიარებულ ნიშანს; თ) დიზაინი მთლიანად ან რომელიმე შემადგენელი ელემენტით ემთხვევა საერთაშორისო ან
მთავრობათაშორისი ორგანიზაციის ემბლემას, მის სრულ ან შემოკლებულ სახელწოდებას, ოფიციალურ საკონტროლო, საგარანტიო, სასინჯო დამღას, ბეჭედს, ორდენს, მედალს, საქართველოს ან მისი ტერიტორიული ერთეულის ისტორიულ დასახელებას, გერბს, დროშას, ემბლემას, ფულის ნიშანს ან ამ ქვეპუნქტში აღნიშნული სიმბოლოს იმიტაციაა; ი) დიზაინის რეგისტრაცია განხორციელდა არაკეთილსინდისიერი განზრახვით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაინტერესებულმა პირმა
დიზაინის რეგისტრაციის ბათილად ცნობის ნაცვლად შეიძლება მოითხოვოს დიზაინის რეგისტრაციიდან გამომდინარე უფლებების გადაცემა. 3. მრავლობითი ან გაერთიანებული განაცხადის შემთხვევაში საჩივარი შეიძლება შეეხებოდეს ერთ ან
რამდენიმე დიზაინს. 4. დიზაინის რეგისტრაციის ბათილად ცნობა შეიძლება მოითხოვოს ამ მუხლის პირველი პუნქტის: ა) „ა“, „ბ“, „გ“ ან „ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე – დაინტერესებულმა პირმა; ბ) „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე – მხოლოდ იმ პირმა, რომელსაც დიზაინზე უფლება აქვს ამ კანონის მე-8 და
მე-9 მუხლების თანახმად; გ) „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე – მხოლოდ საავტორო უფლების მფლობელმა; დ) „ვ“ ან „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე – მხოლოდ სასაქონლო ნიშნის მფლობელმა; ე) „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე – მხოლოდ ამ მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტში აღნიშნული
სიმბოლოს გამოყენებით დაინტერესებულმა ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა ან სათანადო კომპეტენტურმა უწყებამ. 5. დიზაინის რეგისტრაციის ბათილად ცნობის შედეგად რეგისტრაციით მინიჭებული უფლებები
შეწყვეტილად მიიჩნევა დიზაინზე ამ უფლებების წარმოშობის დღიდან, თუ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაში სხვა თარიღი არ იქნება მითითებული.
მუხლი 30. პასუხისმგებლობა დიზაინზე განსაკუთრებული უფლებების დარღვევისათვის დიზაინის მფლობელის ნებართვის გარეშე პროდუქტის, რომელშიც ჩართულია დიზაინი ან რომლისთვისაც
ის გამოიყენება, დამზადება, გაყიდვა, გამოყენება, იმპორტი ან სამოქალაქო ბრუნვაში სხვაგვარი ჩართვა, ან ასეთი პროდუქტის შენახვა ამ მიზნებისათვის, ანდა მისი არსის განზრახ გამჟღავნება (გარდა დიზაინერის მიერ გამჟღავნებისა) საქპატენტის მიერ დიზაინის შესახებ მონაცემების გამოქვეყნებამდე, ან დიზაინერობის მითვისება იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
1
http://www.matsne.gov.ge 300.200.000.05.001.004.044
მუხლი 301. დიზაინზე განსაკუთრებული უფლების დაცვა 1. დიზაინზე განსაკუთრებული უფლების დარღვევისას დიზაინზე განსაკუთრებული უფლების მფლობელი
უფლებამოსილია მოითხოვოს: ა) ამ კანონის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ქმედებების აკრძალვა; ბ) დიზაინზე განსაკუთრებული უფლების დარღვევით სამოქალაქო ბრუნვაში ჩართული ან სამოქალაქო
ბრუნვაში ჩართვის მიზნით საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანილი ან დასაწყობებული (შესანახად განთავსებული) პროდუქტის, რომელშიც ჩართულია დიზაინი ან რომლისთვისაც ის გამოიყენება, სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღება; გ) დიზაინზე განსაკუთრებული უფლების დარღვევით სამოქალაქო ბრუნვაში ჩართული პროდუქტის,
რომელშიც ჩართულია დიზაინი ან რომლისთვისაც ის გამოიყენება, განადგურება; დ) იმ გამოსახულების, ეტიკეტის, ანაბეჭდის, შეფუთვის, შესაფუთი ან სარეკლამო მასალის განადგურება,
რომელიც დიზაინის გამოსახულებას შეიცავს ან არის მისი ასლი ან იმიტაცია, მათ შორის, ინტერნეტში განთავსებული ისეთი მასალის ან გამოსახულების წაშლა, რომელიც დიზაინის გამოსახულებას შეიცავს; ე) პროდუქტის, რომელშიც ჩართულია დიზაინი ან რომლისთვისაც ის გამოიყენება, დასამზადებლად
განკუთვნილი კლიშეს, მატრიცის, სხვა დანადგარის, ტექნიკური აღჭურვილობისა და იარაღის განადგურება. 2. დიზაინზე განსაკუთრებული უფლების მფლობელი უფლებამოსილია, თავისი შეხედულებისამებრ,
მოითხოვოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რამდენიმე ქმედების ერთდროულად განხორციელება. 3. დიზაინზე განსაკუთრებული უფლების დარღვევისას დიზაინზე განსაკუთრებული უფლების
მფლობელის მოთხოვნის საფუძველზე სასამართლოს გადაწყვეტილებით შესაძლებელია ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედება განხორციელდეს აგრეთვე იმ პირის მიმართ, რომელმაც იცოდა ან რომელსაც უნდა სცოდნოდა, რომ მისი მომსახურება გამოიყენება ან გამოიყენებოდა დიზაინზე განსაკუთრებული უფლების კომერციული მასშტაბით დარღვევისათვის. 4. განსაკუთრებულ შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილია დიზაინზე განსაკუთრებული უფლების
დამრღვევის მოთხოვნის საფუძველზე, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“–„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედებების განხორციელების ნაცვლად, მას დააკისროს ფულადი კომპენსაციის გადახდა, თუ იგი გაუფრთხილებლობით მოქმედებდა ან თუ მას შესაბამისი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით შესაძლო დარღვევასთან შედარებით არაპროპორციული ზიანი მიადგება, ამასთანავე, თუ დიზაინზე განსაკუთრებული უფლების მფლობელისათვის სასამართლოს მიერ განსაზღვრული ფულადი კომპენსაციის ოდენობა მისაღებია. 5. დიზაინზე განსაკუთრებული უფლების დარღვევისას დიზაინზე განსაკუთრებული უფლების მფლობელი
უფლებამოსილია, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქმედების გარდა, მოითხოვოს ერთ- ერთი შემდეგი ქმედების განხორციელება: ა) მიყენებული ზიანის ანაზღაურება (მიუღებელი შემოსავლის ჩათვლით), თუ დიზაინზე განსაკუთრებული
უფლების დამრღვევმა იცოდა ან მას უნდა სცოდნოდა დიზაინზე განსაკუთრებული უფლების დარღვევის შესახებ; ბ) დიზაინზე განსაკუთრებული უფლების დამრღვევისთვის დიზაინზე განსაკუთრებული უფლების
დარღვევით მიღებული შემოსავლის ჩამორთმევა დიზაინზე განსაკუთრებული უფლების მფლობელის სასარგებლოდ; გ) ერთჯერადი ფულადი კომპენსაციის გადახდა. 6. ზიანის ოდენობის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს დიზაინზე განსაკუთრებული
უფლების დარღვევის არსი, დიზაინზე განსაკუთრებული უფლების დარღვევით მიღებული შემოსავალი, დიზაინზე განსაკუთრებული უფლების მფლობელისთვის მიყენებული ქონებრივი და არაქონებრივი ზიანი, აგრეთვე ის სავარაუდო შემოსავალი, რომელსაც მიიღებდა დიზაინზე განსაკუთრებული უფლების მფლობელი დიზაინის მართლზომიერად გამოყენებით. 7. ერთჯერადი ფულადი კომპენსაცია განისაზღვრება არანაკლებ იმ ოდენობით, რომელსაც დიზაინზე
განსაკუთრებული უფლების დამრღვევი დიზაინის გამოყენების ნებართვის მიღებისას გადაიხდიდა. 8. ერთჯერადი ფულადი კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს
დიზაინის მფლობელის ნებართვის გარეშე გამოყენებული იმ პროდუქტის რაოდენობა, რომელშიც ჩართულია დიზაინი ან რომლისთვისაც გამოიყენება იგი, დიზაინზე განსაკუთრებული უფლების დამრღვევის განზრახვა, იმ მომსახურების მასშტაბი, ხასიათი და სხვა მახასიათებელი, რომლის შეთავაზებაც ხდება დიზაინზე განსაკუთრებული უფლების დარღვევით, ან/და ნებისმიერი სხვა გარემოება, რომელიც კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული. საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1920 – ვებგვერდი, 11.01.2018წ.
მუხლი 31. დიზაინზე უფლებების გადაცემა 1. დიზაინზე განსაკუთრებული უფლებების გადაცემის შესახებ ხელშეკრულება იდება წერილობითი
ფორმით. 2. დიზაინზე განსაკუთრებული უფლებების გადაცემის შესახებ ხელშეკრულება, ასევე მასში შეტანილი
ცვლილებები დადგენილი წესით რეგისტრირდება რეესტრში და მონაცემები ქვეყნდება ბიულეტენში.
http://www.matsne.gov.ge 300.200.000.05.001.004.044
3. დიზაინის ახალ მფლობელს არ შეუძლია დიზაინის რეგისტრაციიდან გამომდინარე უფლებები მესამე პირის წინააღმდეგ გამოიყენოს სათანადო ცვლილებების რეესტრში რეგისტრაციამდე.
მუხლი 32. კერძო ლიცენზია დიზაინის გამოყენებაზე 1. დიზაინის მფლობელს უფლება აქვს, გასცეს კერძო ლიცენზია დიზაინის გამოყენებაზე. 2. კერძო ლიცენზია არ არის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით
გათვალისწინებული ლიცენზია. 3. კერძო ლიცენზიის ხელშეკრულება ფორმდება წერილობით. კერძო ლიცენზიაში უნდა განისაზღვროს
დიზაინის გამოყენების ფარგლები. 4. კერძო ლიცენზია შეიძლება იყოს ექსკლუზიური ან არაექსკლუზიური. თუ კერძო ლიცენზიის
ხელშეკრულებით განსაზღვრული არ არის ლიცენზიის სახე, მიიჩნევა, რომ კერძო ლიცენზია არაექსკლუზიურია. 5. არაექსკლუზიური კერძო ლიცენზიის გაცემა ლიცენზიის გამცემს არ უკარგავს ანალოგიური პირობებით
სხვა ლიცენზიის გაცემის უფლებას. 6. ექსკლუზიური კერძო ლიცენზია ლიცენზიის გამცემს უკარგავს ანალოგიური პირობებით სხვა ლიცენზიის
გაცემის უფლებას. 7. კერძო ლიცენზიის მფლობელს უფლება აქვს, სასამართლოში შეიტანოს სარჩელი დიზაინის
რეგისტრაციიდან გამომდინარე უფლებათა დარღვევის შესახებ, თუ დიზაინის მფლობელი უფლებათა დარღვევის თაობაზე შეტყობინების მიღებიდან გონივრულ ვადაში თვითონ არ შეიტანს სარჩელს. 8. კერძო ლიცენზიის ხელშეკრულება და მასში შეტანილი ცვლილებები შეიძლება დარეგისტრირდეს
რეესტრში. 9. თუ კერძო ლიცენზიის ხელშეკრულება ითვალისწინებს შეზღუდვას მხოლოდ განსაზღვრულ ბაზარზე
დიზაინის შექმნასთან, გავრცელებასთან ან/და ექსპორტთან დაკავშირებით, შესაბამისი აღნიშვნა უნდა გაკეთდეს პროდუქტის საეტიკეტო მონაცემებში. თუ ასეთი აღნიშვნა არ არსებობს, კერძო ლიცენზიის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შეზღუდვას არა აქვს ძალა მესამე პირისათვის.
მუხლი 33. ინტერესთა კონფლიქტი 1. დაუშვებელია განაცხადი შეიტანოს: ა) ფიზიკურმა პირმა, რომელიც მუშაობს ან მუშაობდა საქპატენტში განაცხადის შეტანამდე 12 თვით ადრე; ბ) იურიდიულმა პირმა, რომლის წევრი, პარტნიორი, აქციონერი ან ხელმძღვანელი არის ამ პუნქტის „ა“
ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირი. 2. დაუშვებელია დიზაინის რეგისტრაციასთან დაკავშირებული სამართლებრივი დავის განხილვისას
სააპელაციო პალატის შემადგენლობაში იყოს პირი, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა გასაჩივრებული დიზაინის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაში.
თავი V. გარდამავალი დებულებანი
მუხლი 34. ამ კანონის ნორმათა გავრცელება ადრე წარმოშობილ ურთიერთობებზე 1. ეს კანონი ვრცელდება იმ დიზაინის შექმნასთან, რეგისტრაციასთან, გამოყენებასთან და სამართლებრივ
დაცვასთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე: ა) რომლებიც წარმოიშვა ამ კანონის ამოქმედების შემდეგ; ბ) რომლებიც ძალაშია ამ კანონის ამოქმედების დღისათვის. 2. განაცხადი, რომელზედაც ამ კანონის ამოქმედების დღისათვის საქპატენტში მიმდინარეობს საქმის
წარმოება, განიხილება 1999 წლის 5 თებერვლის საქართველოს საპატენტო კანონით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №5(12), 1999 წელი, მუხ. 21) დადგენილი წესით.
მუხლი 35. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ღონისძიება საქპატენტმა გამოსცეს ინსტრუქცია დიზაინის რეგისტრაციის თაობაზე. საქართველოს 2010 წლის 26 ოქტომბრის კანონი № 3742 - სსმ I, № 62,05 . 11 .2010 წ., მუხ. 382
თავი VI. დასკვნითი დებულება
მუხლი 36. კანონის ამოქმედება ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის გასვლისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი თბილისი, 2010 წლის 4 მაისი.
http://www.matsne.gov.ge 300.200.000.05.001.004.044
№3030–Iს
შეტანილი ცვლილებები: 1. საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3279 - სსმ I, №37, 14.07.2010 წ., მუხ.220 2. საქართველოს 2010 წლის 26 ოქტომბრის კანონი №3742 - სსმ I, №62,05 .11 .2010 წ., მუხ.382
http://www.matsne.gov.ge 300.200.000.05.001.004.044